რეკლამა


"ჩვენ ავღანეთში იმისთვის ვართ, რომ საქართველოში არ იყვნენ რუსი ოკუპანტები"

გაზეთი "კვირის პალიტრა" საკუთარ ვებგვერდზე ავღანეთში მყოფ ქართველ ჯარისკაცთან ინტერვიუს აქვეყნებს. რესპონდენტი 24 წლის არის, მისი ვინაობა კონფიდენციალურია.
ჟურნალისტის კითხვაზე, რისთვის მიდიან ქართველი ბიჭები ავღანეთში, ჯარისკაცი პასუხობს: 
"არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი. ზოგადად ინტერვიუს მოცემა არ მინდოდა... თქვენს გამოცემას უდიდეს პატივს ვცემ, ხშირად, შეძლებისგვარად, როდესაც კი ინტერნეტთან მიწევს ყოფნა, ვკითხულობ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სტატია ჩვენზეა, ისეთ საშინელ კომენტარებს წერენ, ასე მგონია, ჩვენს ხალხს ვეზიზღები... ნუ იქნებით ასეთი სასტიკნი, აქ ყველა მაღალი ხელფასის გამო არ წამოვსულვართ და არც ისეთი მაღალი ხელფასია, რომ ამისთვის სიცოცხლის გარისკვა ღირდეს, პირადად მე და ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი, კვალიფიკაციის ასამაღლებლად წამოვედით. მინდოდა, გამეგო, რა შემეძლო, როგორც მეომარს, როგორც ჯარისკაცს, როგორც სამხედროს რა პოტენციალი მქონდა... აქედან დაბრუნების შემდეგ გადავწყვეტე, შეიარაღებულ ძალებში დავრჩები თუ სახლში წავალ. ამიტომ, გთხოვთ, ნუ გვიწოდებთ ყველას ფულზე გაყიდულებს! მე და ჩემმა მეგობრებმა, აქ რომ მოვდიოდით ვიცოდით, რომ ომი დაგვხვდებოდა - ყოველ ნაბიჯზე სიკვდილი იქნებოდა ჩასაფრებული, მაგრამ მაინც წამოვედით. მე მწამს, რომ აქ ჩემს სამშობლოს ვემსახურები... დიახ, ყველა მსგავს ტრაგედიაზე დანაშაულის გრძნობა მაქვს ჩემი მეგობრების მიმართ, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ, რომ მათ დაწყებულ საქმეს გავაგრძელებ! ჩვენ ოკუპანტები არ ვართ. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ საქართველოში არ იყვნენ რუსი ოკუპანტები" - ამბობს ქართველი ჯარისკაცი. მისივე თქმით, ქართველები ყველაფერს ემოციურად აღიქვამენ, რადგან ცოტანი ვართ.

"ყოველდღე ერთი ამერიკელი მაინც იღუპება. უბრალოდ ამაზე იქ, საქართველოში, არავინ ლაპარაკობს. აქ, ჩვენთან ახლოს, არის ქალაქი სანგინა, სადაც დღე-ღამის განმავლობაში რამდენიმე შეტაკება ხდება და უმსხვერპლოდ არ მთავრდება, მაგრამ ეს თალიბების მოტივაციაზე არ აისახება. ისინი საოცარი სისწრაფით მრავლდებიან და ყველა მათგანში ერთი კი არა, რამდენიმე სიკვდილია ჩასახლებული," - ამბობს რესპონდენტი.

1 comment:

  1. This comment has been removed by a blog administrator.

    ReplyDelete

რეკლამა


რეკლამა